русскийEnglishAzeriitaliano

მულტითერაპია

(ელექტროთერაპია, ლაზეროთერაპია, ულტრაბგერითი თერაპია)

მულტითერაპიის პროცედურები ჩვენს ცენტრში ტარდება აპარატ combi 500 გამოყენებით. ეს უახლესი თაობის ხელსაწყოა, რომელიც ყველა სახეობის დენებს წარმოქმნის და აქვს აგრეთვე სხვადასხვა ტიპის მკურნალობის ერთმანეთთან შეჯერების სშუალება (ე.წ. კომბინირებული თერაპია), ე.ი. ერთი რომელიმე დაავადებისთვის პროცედურის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნას ერთდროულად დენის ცალკეული ნაირსახეობა და ულტრაბგერები.

ელექტროთერაპია: პროცედურებია, რომელთა დროს გამოიყენება სხვადასხვა სიხშირის მუდმივი და ცვალსებადი დენი. ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებს უტარდებათ მუდმივი, ინტერფერენციული, დიადინამიკური დენები, აგრეთვე სპასტიკური კუნთების ელექტროსტიმულაციის პროცედურები. დენის სახეობიდან, ასევე მისი დოზიდან გამომდინარე პროცედურები ახდენენ შემდეგ ზემოქმედებას:

  • აყუჩებენ ტკივილს;
  • აღგზნებენ ნერვებსა და კუნთებს
  • არბილებენ ანთებით მდგომარეობებს;
  • აუმჯობესებენ ქსოვილთა სისხლით მომარაგებას და მათ ტროფიკას
  • აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლას;
  • აჩქარებენ ქსოვილების აღდგენას.

იმის გამო, რომ დენის ყოველი სახეობა ახდენს თავისებურ ელექტროტონურ ზემოქმედებას კუნთებსა და ნერვებზე, და ასევე, არც თუ ისე იშვიათად, მისი დოზირება ხდება პაციენტის შეგრძნებებზე დაყრდნობით, ცნს_ის დარღვევის მქონე ყველა პაციენტის მიმართ როდი შეიძლება დენის შემცველი პროცედურების გამოიყენება. ამიტომ ყოველი ამგვარი პროცედურა ინიშნება ექიმის მიერ ჩვენი ერთ-ერთი სპეციალისტის წინასწარი გამოკვლევის შემდეგ.

ულტრაბგერები: სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით სხეულში ულტრაბგერითი ენერგიის შეყვანაა. ულტრაბგერების სამკურნალო გამოყენება ემყარება მათ სითბურ, მექანიკურ და ფიზიკურ-ქიმიურ ზემოქმედებას. ულტრაბგერების ორგანიზმზე ზემოქმედება მრავალდონიანია:

  • აუმჯობესებს მიკროსისხლმიმოქცევას;
  • ზრდის ტკივილის ბარიერს;
  • აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას;
  • ზრდის კოლაგენური ბოჭკოების ელასტიურობას;
  • ამცირებს კუნთოვან დაძაბულობას;
  • ზრდის სახსრების მოძრაობით შესაძლებლობებს;
  • აჩქარებს ორგანიზმის რეგენერაციას.

ლაზეროთერაპია: ქსოვილების ბიოსტიმულაცია ლაზერული სხივის მეშვეობით ფართო გამოყენებას ჰპოვებს მედიცინაში, გამოიყენება სხვადასხვა ნევროლოგიური, რევმატიული და ორთოპედიული დაავადებების დროს. უპირველეს ყოვლისა ის ინიშნება საყრდენ-მამოძრავებელი ფუნქციების დარღვევების დროს. ლაზერული გამოსხივება იწვევს ტკივილგამაყუჩებელ, ანთებითსაწინააღმდეგო, აუმჯობესებს მიკროსისხლმიმოქცევას, ახდენს ანგიოგენეტიკურ ზემოქმედებას, ზემოქმედებს იმუნოლოგიურ პროცესებზე, აადვილებს ნერვების აღდგენას და ასტიმულირებს მიოციტების სინთეზს.